ავტორის შესახებ

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე – ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 
1998 წელს, ოთარ ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1958-1964 წლებში მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში”, ხოლო 1973-1981 წწ. ჟურნალ ”საბჭოთა ხელოვნების’’ მთავარ რედაქტორად, 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი“ (1952), ლექსების პირველი კრებული „მატარებლები და მგზავრები“ გამოვიდა 1959 წელს. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: „თიხის ფირფიტები“ (1963), „რკინის საწოლი“ (1965), „სინათლის წელიწადი“ (1967), „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით“ (1968), „ცხრა პოემა“ (1969), „გულის მეორე მხარე“ (1974), „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984; 1992), „ლექსები, პოემები“ (1991).  ჭილაძის რომანებია: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1973), „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976), „რკინის თეატრი“ (1981), „მარტის მამალი“ (1987), „აველუმი“ (1995), „გოდორი“ (2003)  ავტორია ორი პიესისა – „წათეს წითელი წაღები“ (დაიწერა 1969, გამოქვეყნდა 1986), „ლაბირინთი“ (1990). 

უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, დანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი – ნაწილია იმ ქვეყნებისა, სადაც ოთარ ჭილაძის შემოქმედებამ დიდი რეზონანსი მოიპოვა. „რკინის თეატრმა“ საფრანგეთში გამოსვლისთანავე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ხოლო დანიის გაზეთ „ვიკენდავისენში“ დაიწერა, რომ ამ რომანის შემდეგ „საქართველო უბრუნდება მსოფლიო ლიტერატურის რუკას“.  

ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წელს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.  

მისი ავტორობით ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ: 
1. ლექსები და პოემები – ოთარ ჭილაძე ოთარ ჭილაძის ლექსების წიგნის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს რომანი წაგეკითხოს, ბობოქარი, მძაფრად დრამატული ამბავი ამქვეყნად რამდენჯერმე ნაცხოვრები კაცისა, კიდევ ერთხელ მობრუნებული, თითქოს ხელახლა რომ ქმნის თავის სამყაროს…
2. წათეს წითელი წაღები – ოთარ ჭილაძე  წიგნში შესულია გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნობელის პრემიის ნომინანტის – ოთარ ჭილაძის ორი პიესა: წათეს წითელი წაღები და ლაბირინთი. პიესები ცალკე წიგნად პირველად გამოდის.