3-4 კლასებში გრძელდება დასახული კონცეფცია. ამ კლასების სახელმძღვანელოს სერიაში დამატებულია მოსწავლის წიგნები, რომლებიც ლამაზად ილუსტრირებულია, სადაც ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად აღქმადი ტექსტური ინფორმაციაა მოწოდებული, რომელიც მოსწავლეს საშუალებს მისცემს, გაიღრმაოს თავისი ცოდნა მუსიკის სფეროში, გაიგოს მისთვის საინტერესო ამბები მუსიკასა და მუსიკოსებზე, ისაუბროს და იმსჯელოს მიღებული ინფორმაციის ირგვლივ.
ჩვენი სახელმძღვანელოების ელექტრონულ რესურსებში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ვთავაზობთ Power Point-ში გაკეთებულ სლაიდებს სტანდარტის თემებთან შესაბამისად. ესენია: „მუსიკის აგებულება“, „ევროპული ცეკვები“, „მაჟორი და მინორი“, „მუსიკალური საკრავების ისტორიიდან“, „სიმფონიური ორკესტრი“, „კამერული ანსამბლი“. სლაიდების ჩვენების ფონზე წარმართული გაკვეთილები მოსწავლეებს უფრო მეტ ინტერესს გაუღვივებს მუსიკისადმი, მოსმენილის/ნანახის ირგვლივ მსჯელობისა და კამათის დროს აქტიურად ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესებში, მასწავლებლებს კი საშუალებას მისცემს, გაკვეთილები საინტერესოდ და სახალისოთ ჩაატაროს.
ეროვნული სტანდარტი მუსიკაში ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. ეს აქტივობა მუსიკის საგანში ახალი დანერგილია და ვფიქრობთ, მოსწავლეთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. კომპიუტერული პროგრამების დაუფლება (audacity, LMMS) ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, რომლის ათვისებისას მოსწავლე თავად გამოიყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობას, ააჟღერებს საკუთარ ან ბუნებაში არსებულ ხმებს, საკრავს, თავადვე მოჭრის საჭირო ფრაგმენტებს მუსიკალური ნაწარმოებებიდან და საბოლოოდ შეძლებს მუსიკალური კოლაჟის, კომპოზიციების შექმნას. ამისთვის მოსწავლის წიგნის ბოლო გვერდზე შემოთავაზებული გვაქვს ზოგადი რჩევები კომპიუტერში მუშაობის საწყისი ეტაპისთვის. საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციისას მოსწავლეს უვითარდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ქცევის მართვის, აზრის ნათლად გადმოცემის უნარი.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების სერია (1-4 კლ.) სრულად შეესაბამება ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს. სასწავლო კომპლექტის თითოეული კომპონენტის ამომწურავად და სრულყოფილად გამოყენება საუკეთესო შედეგის მიღწევის საწინდარია. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო/სერია პედაგოგებს ჯეროვან დახმარებას გაუწევს ამ საქმეში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.