დაკარგული უბრალოების ძიებაში

გია ბუღაძის წერილი გიორგი კაკაბაძის წიგნზე  –  ნიკო ფიროსმანი

„როდესაც წავიკითხე გიორგი კაკაბაძის წიგნი: „დაკარგული უბრალოების ძიებაში“ დამეუფლა განცდა სიმართლისა, სწორედ ისეთი სიმართლისა, რაც ასე გვაჯადოებს ფიროსმანის მხატვრობის ჭვრეტისას.

იმასაც მივხვდი, რომ ეს წიგნი ფიროსმანის შესახებ დაწერილ ნაწარმოებებს შორის ყველაზე გულწრფელი, „უშუალო“, ღრმა და დამაჯერებელი წიგნი იყო, თან იმასაც მივხვდი, რომ ფიროსმანი ამ წიგნის კითხვის დროს უფრო მეტად ვიგრძენი და როცა კითხვა დავასრულე – ვიგრძენი, რომ ფიროსმანი უფრო მეტად, უფრო ძლიერად – შემიყვარდა.

საერთოდ ლიტერატორები, იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერ წერენ მხატვრებზე, მათ ისინი სენტიმენტალურნი, ექსცენტრიულები და მანერულები გამოჰყავთ.

გ.კაკაბაძესთან კი ასე არაა. მასთან ფიროსმანი არის ადამიანი, მხატვარი გარემოსთან, კონტექსტთან უშუალო კონტაქტში სადაც გარდა იმისა რომ ახორციელებს გენიალურ მხატვრობას, ასევე ასხივებს მომხიბვლელ გულწრფელობას.

გ.კაკაბაძის წიგნს რომ წაიკითხავ, ფიროსმანი რომც არ გესმოდეს თანაგრძნობით განიმსჭვალები და თუ არ მოგწონს ამას ფიროსმანს კი არ დააბრალებ, არამედ საკუთარ სიტლანქეს და უგრძნობლობას.

ეს წიგნი მშვენიერი ჭიშკარია ფიროსმანის სამყაროს „ორთაჭალის ბაღის სამოთხეში“.

მხატვარიგია ბუღაძე