სიტყვა ,,არქიტექტურა“ წარმოშობით ძველბერძნულია, სიტყვასიტყვით ,,მშენებლობის ოსტატობა“-ს ნიშნავს და იგივეა, რაც ქართული ,,ხუროთმოძღვრება“. თუმცა თავად მშენებლობის ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე საბერძნეთი ან თუნდაც ეგვიპტე. არქიტექტურა თითქმის ისეთივე ძველია, როგორც ადამიანთა ცივილიზაცია, რადგან მისი დანიშნულება თავიდანვე საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობების და მათი გარემოს შექმნა იყო. უძველესი არქიტექტული ძეგლების აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგიას, რადგან ძველი შენობების უმეტესობა დროთა განმავლობაში მიწით და ქვიშით
დაიფარა. ზოგი შენობის დანიშნულება დღემდე ამოუცნობია, ამიტომ მათ მეცნიერების სხვადასხვა დარგების მეშვეობით იკვლევენ. არქიტექტურა თავადაა თავისი დროის არტეფაქტი. შენობის ფორმები, სამშენებლო მასალები, მხატვრობა და ქანდაკებები ბევრ რამეზე მოგვითხრობს – თუ როგორი იყო ამა თუ იმ შენობის აგებისდროინდელი ცხოვრების წესი, კლიმატი, ეკონომიკა, პოლიტიკა და ა.შ.
არქიტექტორებს, ანუ ხუროთმოძღვრებს პროექტირებისას დღემდე სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა უწევთ. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს ამოცენები გართულდა, მაგრამ ზოგი რამ უცვლელი დარჩა – თუ შენობა საცხოვრებელია, მასში მცხოვრების მოთხოვნები და თავისებურებები უნდა იქნას გათვალისწინებული. თუ შენობა საკულტოა, კულტის თავისებურებების გათვალისწინებაა საჭირო. ასევე, არქიტექტორები აპროექტებენ სამეურნეო, საწარმოო და სამეცნიერო შენობებს, შენობის შიდა მოწყობას (ინტერიერს) და შენობის გარემოს (ლანდშაფტურ არქიტექტურას). ქალაქების წარმოშობასთან ერთად არქიტექტორებმა მთელი უბნების კეთილმოწყობის და ფუნქციების დაპროექტებაც დაიწყეს. ამ დარგს დღეს ქალაქგეგმარება ჰქვია. თავად არქიტექტორები უძველესი დროიდან პატივცემულ ადამიანებად მიიჩნეოდნენ, მათი გავლენა ძლევამოსილი ქურუმების გავლენას უტოლდებოდა. კაცობრიობის ისტორიამ მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობა გვაჩუქა მსოფლიოს ყველა კუთხეში. მათი მრავალფეროვნება გვიჩვენებს, თუ რა მდიდარია ცივილიზაციის გზა.
წიგნში შევიდა თვრამეტი პროექტი. ვეცადეთ, არქიტექტურის ისტორიიდან სხვადასხვა დროის და მიმართულების მაგალითებს შევხებოდით, თან ისე, რომ პროექტები მაქსიმალურად მრავალფეროვანი ყოფილიყო. იმედია, ეს თვრამეტი პროექტი მკითხველს ინტერესს გაუღვიძებს მსოფლიო არქიტექტურული მემკვიდრეობის მიმართ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.