ეგვიპტური მითებისა და ლეგენდების შესახებ – ბერძნულ მითოლოგიასთან შედარებით – ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, როცა ეგვიპტური კულტურა დაცემის პირას იყო, მას მემკვიდრე და გამგრძელებელი აღარ გამოუჩნდა. ძველ ეგვიპტურად უკვე არავინ წერდა და კითხულობდა.
მომდევნო თოთხმეტი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ფრანგი ფილოლოგი ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832) ეგვიპტური იეროგლიფების საიდუმლოს ჩაწვდებოდა, ეგვიპტური კულტურა ევროპელებისთვის სრულიად უცხო და მიუწვდომელი გახლდათ. ხოლო როდესაც ეგვიპტური ტექსტები საბოლოოდ გაშიფრეს და წაიკითხეს, აღმოჩნდა, რომ ამ უძველი ცივილიზაციის მითოლოგია ყველა სხვა ერების ლეგენდებისაგან განსხვავდებოდა, ის აბსოლუტურად თვითმყოფადი იყო.
ეგვიპტური მითოლოგიისთვის არ არის დამახასიათებელი ღმერთების პანთეონის შეთანხმებულად დამუშავებული ისტორია, ან მათი ვიზუალურად გამოსახვის დადგენილი ნორმები. ბევრ ღმერთს ძველი ეგვიპტის ქალაქებში სხვადასხვა სახელით იცნობდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი ქმედება კი, როგორიცაა, ვთქვათ, სამყაროს შექმნა _ სხვადასხვა ღმერთებს მიეწერებოდა. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ერთი და იგივე ღმერთი როგორც ბოროტი, ისე კეთილი საქმეებით იყო ცნობილი და ხალხიც ერთნაირი მოწიწებით ეთაყვანებოდა მას. ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ძველი ეგვიპტური მითოლოგია ყველა დანარჩენისაგან გამორჩეულია და უაღრესად დამაფიქრებელი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.